თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის მისიაში კონტინგენტის გაზრდას გეგმავს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 5-კაციანი კონტინგენტი ოცეულამდე გაიზრდება. მისიის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში 30 მაისს, ბრიუსელში გამართული კონფერენციის დროს დადგა.

„ამ კვირაში ოფიციალურად მივმართავ უშიშროების საბჭოს, რადგან მათგან გვაქვს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საკითხი წარადგინოს ქვეყნის პარლამენტში. ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ ევროკავშირის მისიასთან. ორ კვირაში, ბრიუსელში მექნება შეხვედრები და უკვე საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი საკითხები. ეს არის საპასუხისმგებლო მისია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრესტიჟული, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ითხოვენ კონტინგენტის გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, არამედ, სწორედ, მრჩევლების, ინსტრუქტორების დასახმარებლად, ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პატივია და, ბუნებრივია, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

ამჟამად ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში საქართველო 5 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. ისინი სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ და მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვა ევალებათ. ცენტრალურ აფრიკაში დღეს მოქმედი მისია 12 ივლისს იცვლება.

კომენტარები