ქართული ოცნება

კობახიძე: მგონია, რომ კოღუაშვილის აზრი არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს

მე გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ რუსთავი ორის სიუჟეტი იყო გარკვეულწილად დაჭრილი ანუ ინტერვიუ თუ კომენტარი იყო დაჭრილი, არ იყო ტექსტი სრულყოფილად მოწოდებული, ისევე როგორც ქართული გაზეთის უკან მაინც გარკვეულწილად ენმ დგას და ეს კავშირები მათთან იკვეთება. არ მგონია, ამ ინტერვიუშიც ყველაფერი იყო სიტყვასიტყვით გადმოცემული და მგონია, რომ ადგილი ჰქონდა არასწორ ინტერპრეტაციას მის მიერ გამოთქმული აზრის. შესაბამისად, ვიდრე თავად დავითს არ ვნახავ და მისი მხრიდან არ მოვისმენ აღნიშნულ საკითხზე განმარტებას, მე მიჭირს რუსთავი ორში გასული სიუჟეტით თუ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუთი შევაფასო. ყოველ შემთხვევაში, მომეჩვენა, რომ ეს კომენტარი იყო დაჩეხილი, დაჭრილი და იძლეოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. 

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის ქართულ გაზეთთან ინტერვიუზე. კოღუაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".

კომენტარები