ე.წ კაბელების საქმე

იუსტიციის საბჭო: თავი შეიკავეთ სასამართლო გადაწყვეტილების უსაფუძვლო კრიტიკისგან

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ შეფასებებს ეხმაურება. საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, "რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს". კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად" მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის.

"მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები" - აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, "რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოდ".

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად.

"და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს მისამართით ნებისმიერი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს დაშინების, ზეწოლის ან, მასზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებებმა, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს სთხოვს თავი შეიკავოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინსწრებით, ნაჩქარევი შეფასებებისგან და მით უფრო უსაფუძვლო კრიტიკისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები