სამხედრო მოძრაობა

სირიაში "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ამირ ბადრედინი მოკლეს

AP

სირიაში ლიბანური შიიტური სამხედრო დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი, მუსტაფა ამირ ბადრედინი მოკლეს.

დაჯგუფება ადასტურებს, რომ ბადრედინი დამასკთან ახლოს, აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ლიბანური al-Mayadeen TV-ს ცნობით, ბადრედინი ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიათავდასხმებს ემსხვერპლა, ოფიციალური იერუსალიმი კომენტარს ჯერ არ ავრცელებს.

55 წლის ბადრედინი "ჰეზბოლას" კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო.

ბადრედინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ეძებდა. მას 2005 წელს ლიბანის პრემიერის ჰარირის მკვლელობის ოპერაციის ლიდერობაც ედებოდა ბრალად.

დაჯგუფება "ჰეზბოლა" სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობას უჭერს მხარს. ბადრედინი "ჰეზბოლას" იმ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც სირიის არმიას ეხმარებიან.

კომენტარები