ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო ინტერვენცია მოახდინა, მან აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს ნაბიჯი სებ-ის მიერ ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.2158 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.8 თეთრით ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი 21 აპრილსაც შეისყიდა.

ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა 17 მარტს ლარის კურსის სწრაფი გამყარების დროს დაიწყო, მას შემდეგ ბანკმა საკუთარი სავალუტო რეზერვები $75 მილიონით გაზარდა. ამ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 25.5 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

სავალუტო რეზერვების შესყიდვას მხარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-იც უჭერს. EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით რეზერვების იმ დანაკლისს ივსებს, რაც გასული პერიოდის მანძილზე დაიხარჯა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ბაზარი იმ მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც მან უნდა იმოძრაოს. საკმაოდ პოზიტიური სიახლეა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო რეზერვების შესყიდვა. ეს ნაბიჯი არის სწორი, რადგანაც ბანკი ეტაპობრივად ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის შესაყიდვით ავსებს სავალუტო რეზერვების იმ დანაკლისს, რაც გასული წლის მანძილზე დაიხარჯა", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები