წმიდა ცეცხლის რიტუალი

მართლმადიდებელთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა

იერუსალიმის აღდგომის ტაძარი
newsweek.com

მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმის წმიდა საფლავის ტაძარში ზეციური ცეცხლი გადმოვიდა.

წმიდა ცეცხლის პროცესიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიმანდრიტი მონაწილეობდნენ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ვერსიით, ცეცხლის გარდამოსვლა უბრალო რეპრეზენტაციაა და არ წარმოადგენს სასწაულს. კერძოდ, მათი თქმით, ცეცხლს პატრიარქი და არქიმანდრიტი კუვუკლიაში მოთავსებული კანდლებიდან ანთებენ.

წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას - როგორც სასწაულს არ აღიარებენ არც სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის არც კათოლიკე ეკლესია. 

2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.

რწმენა წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ ფართოდ გავრცელებულია მართლმადიდებელ ეკლესიებში, თუმცა, არც ამ ეკლესიების მიერ აღიარებული მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც კანონები, მის შესახებ არაფერს ამბობენ. 2016 წელს დაგეგმილ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმიდა და დიდ კრებაზე ასევე არ იმსჯელებენ ცეცხლის კურთხევის წესის შესახებ. იერუსალიმის საპატრიარქო არ აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ხელთუქმნელ ცეცხლთან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წელს, 27 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში წმიდა გრიგოლ პალამას ხსენების დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმში "გადმოსული ცეცხლი" ის ნათელია, რომელიც თან ახლავს ღმერთს.

ქართული მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი "ცეცხლის გარდამოსვლას" ფაქტად მოიხსენიებს.

კომენტარები