მიგრაცია

2002 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა

benjielayug.com

საქსტატმა დღეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული შედეგების პრეზენტაცია გამართა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია. 2002 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 371 535-ს შეადგენდა, 27 აპრილს გავრცელებული დაზუსტებული მონაცემებით კი ის 3 713 804-ს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად ემიგრაციას უკავშირდება. 

საქსტატის ცნობით, აღწერის პერიოდში კითხვარის მეშვეობით მიღებულ იქნა ინფორმაცია ემიგრანტების შესახებ. აღწერის მეთოდოლოგიით ემიგრანტებად ჩაითვალნენ ისინი, ვინც საქართველო 2002 წლის აღწერის შემდეგ დატოვა. აღწერის შედეგებით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88.5 ათასი ადამიანი, მათი 44.4% მამაკაცია, 54.6% კი ქალი. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი 66% უცხოეთში წასვლამდე ქალაქის მცხოვრები იყო, 33% კი სოფლის. 

ქვეყნების მიხედვით კი მიგრაცია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთის ფედერაცია - 21.7%
  2. საბერძნეთი - 15.9%
  3. თურქეთი - 11.2%
  4. იტალია - 10.9%
  5. გერმანია - 7.1%
  6. აშშ - 5.7%
  7. ესპანეთი - 4.1%
  8. საფრანგეთი - 3.7%
  9. უკრაინა - 3.7%
  10. აზერბაიჯანი -2%
  11. სხვა ქვეყნები და მიუთითებელი მონაცემები - 13.1%

აღწერის შედეგებით გამოიკვეთა, რომ რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ქალების უმეტესობა კი ემიგრირებულია: საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში.

განსხვავებულია ის სამუშაოები, რომლებსაც ემიგრანტები უცხოეთში ასრულებენ. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ, 40 წელს ზევით ემიგრანტებში კი - ქალები. ასევე 50 წელზე მეტი ასაკის ემიგრანტებში ქალები მამაკაცების რაოდენობას ორჯერ სჭარბობენ. 

კომენტარები