რეკლამა

20:00-ზე, ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება

საქართველოს კულტურის სამინისტრო

რამდენიმე საათში, სპორტის სასახლეში საქართველო მსოფლიო კალენდარზე პირველი მასშტაბური კონცერტით „დაჩექინდება." ზუსტად 20:00 საათზე, ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება; მომღერლის მენეჯმენტი მათ გრანდიოზულ შოუს პირდება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto" - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa", „Più Che Puoi", „Cose Della Vita", „Più Bella Cosa", „Adesso Tu", „Se Bastasse Una Bella Canzone".

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის შოუს ხელმძღვანელობს ლუკა ტომასინი, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს უსმხვილეს საპროდიუსერო კომპანიებთან, ასევე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორც არის მადონა. ტურის პროდიუსერია მაურიციო სალვადორი „Trident Music", მხარდამჭერები: „Trentino" ,"Radio Italia"; ოფიციალური გადამზიდი - „Meridiana". კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში.

„არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში." - ამბობს ეროს რამაზოტი.

ეროს რამაზოტი ჯგუფის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივად ახერხებს კლასიკური რეპერტუარის შერწყმას თანამედროვე მუსიკასთან. მისი ბენდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი მუსიკოსებით მთელი მსოფლიოდან; მათ შორის არიან: ლუკა სკარპა(პიანინო), ჯოვანი ბოსკარიოლი (კლავიში), ჯორჯო სეკო (გიტარა), თომას პრიჯენი (დასარტყამი ინსტრუმენტი), პაოლო კოსტა (ბასი), ჯო ლედერი (საქსოფონი), კრისტიან პესკოტა (პრესკუსია), მონიკა ჰილი და რობერტა მონტანარი (ბექ-ვოკალისტები) და ლეგენდარული გიტარისტი ფილ პალმერი, რომელიც სხვადასხვა დროს ბობ დილანთან, ფრენკ ზაპასთან და რობი უილიამსთან თანამშრომლობდა.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება. პროექტის მიზანია, წლის განმავლობაში ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

„პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი" - აცხადებს Check in Georgia და აღნიშნავს, რომ საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

კომენტარები