მედია

ომბუდსმენი: მედიამ უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპით

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის განცხადებით, მედია ხშირად ხდება სტიგმატიზაციისა და სეგრეგაციის, სიძულვილის ენის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წყარო. უჩა ნანუაშვილის თქმით, სატელევიზიო პროგრამების/გადაცემების ფორმატში შეინიშნება მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სექსისტური ტენდენციები. ომბუდსმენი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სატელევიზიო შოუ პროფილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

"ანალოგიურ შემთხვევას ასევე ჰქონდა ადგილი გასულ წელს სატელევიზიო შოუ „ნიჭიერის" ერთ–ერთ გადაცემაში. რაც თავის მხრივ მეტყველებს სამაუწყებლო სფეროში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს გონივრული ბალანსის დაცვა გარკვეული სოციალური ჯგუფის უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვასა და პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზებას, მის სუბიექტურ აღქმას შორის. რიგ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ პირის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უნდა მიენიჭოს. აღნიშნული არ ცვლის იმ მიდგომას, რომ მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს და არ შეუწყოს ხელი სტერეოტიპებისა და სტიგმის გაძლიერებას", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი სამაუწყებლო კომპანიებს აკისრებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას.

"შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტულ დამოკიდებულებას სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების, შესაძლებლობის შეზღუდვის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემების/შოუების შემქმნელები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა ეპყრობოდნენ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპების დაცვით. ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ზომას უნდა მიმართოს ამ კუთხით ნეგატიური პროცესების/შედეგების თავიდან აცილების მიზნით.

ცალსახაა, რომ მაღალრეიტინგულ მედიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა და გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერების ფორმირების თვალსაზრით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს და სხვა მედია საშუალებებს, რომ ნებისმიერი პროგრამის/გადაცემის მომზადებისა და გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებით. არ შეუწყონ ხელი ადამიანების ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას და მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სტანდარტებითა თუ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები