ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

ჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას მხარს არ უჭერენ

გლებ გარანიჩი / ტაბულა

ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა.

რეფერენდუმში ამომრჩეველთა 32.1 %-მა მიიღო მონაწილეობა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან რეფერენდუმის შედეგის ძალაში შესასვლელად აქტივობის მინიმალური ბარიერი 30%-ია.

რეფერენდუმში მონაწილეთა 61.1 % უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარს არ უჭერს, 38.1 %-მა კი თანხმობა განაცხადა.

რეფერენდუმი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, ჰოლანდიის პრემიერმინისტრის თქმით, მიუხედავად რეფერენდუმის ამგვარი ხასიათისა, შესაძლოა, ასოცირების შეთანხმება ხელახლა განიხილონ.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების პროცესი გეგმის მიხედვით ვეღარ გაგრძელდება.

რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირისკენ სვლას გააგრძელებს, რეფერენდუმი კი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და საბოლოო გადაწყვეტილება ჰოლანდიის მთავრობასა და პარლამენტზეა დამოკიდებული.

ჰოლანდიის გარდა ევროკავშირის დანარჩენმა 27-მა წევრმა ქვეყანამ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა.

კომენტარები