პატრიარქმა აუტიზმს "ავადმყოფობა" უწოდა და მშობლებს მოუწოდა, ეს "ჯვარი" ზიდონ

ილია II

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 2 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას აუტისტური სპექტრის აშლილობას ავადმყოფობა უწოდა. კათალიკოსმა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მშობლებს განუცხადა, რომ მათთვის ეს ჯვარია, რომელიც უნდა "ზიდონ".

"დღეს, ჩვენთან ბრძანდებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. გუშინ იყო აუტიზმის დაძლევის დღე. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჯვარი თქვენი და ჯვარი თქვენი შვილებისა. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა, რომ ზიდოთ ბოლომდე. აუტიზმი ისეთი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როცა ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტსა, ვიდრე ჩვენ ვხედავთ და ხშირია შემთხვევა, როცა აუტიზმით დაავადებული ადამიანები გენიალური ადამიანები გამოდიან", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის განცხადებას აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებით გამოეხმაურნენ, განცხადება ლიბერალმა გაავრცელა. წერილში ნათქვამია:

"საქართველოს საპატრიარქოს ჰყავს დიდი მრევლი და ხშირია, როცა საკვირაო ქადაგებაში გაჟღერებული სიტყვები გათვიცნობიერებულად თუ გაუთვიცნობიერებლად ფეხს ადვილად იკიდებს საზოგადოების ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკაში. მოგეხსენებათ, რომ პატრიარქის 3 აპრილის საკვირაო ქადაგებაში აუტიზმი განმარტებული იქნა მრევლისთვის როგორც მძიმე დაავადება, და შესაბამისად არაერთხელ გაესვა ხაზი "ავადმყოფი“ შვილების მშობლების სატარებელ მძიმე ჯვარს. იქიდან გამომდინარე, რომ აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა და არა დაავადება, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ტექსტის შედგენისას მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება, რათა თავიდან ავირიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმის გაღრმავებას და პროვოცირებას გაუწევს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას".

განცხადებას ხელს აწერენ: დიანა ჯანაშია, ბესარიონ ცინცაძე, მარი კორკოტაძე, ხათუნა ხავთასი, თამუნა მურუსიძე, ეკა გაბადაძე, მაკა ჯღამაძე, ანი დანელია, ნინო რობაქიძე.

კომენტარები