NATO-ს კვირეული

საქართველოში NATO-ს კვირეული დაიწყო

საქართველოში, 4-დან 19 აპრილამდე NATO-ს კვირეული გაიმართება. კვირეული დღეს, NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. 

NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მედულაშვილის თქმით, სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმზე სახალხო დიპლომატიის და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც გაიმართება. მათ შორის იქნება ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის. NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისი ახალქალაქში გაიხსნება.

კვირეულის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პროექტი - ერთი დღე ჯარში. ასევე, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება, უნივერსიტეტებში გაიხსნება NATO-სა და ევროკავშირის შესახებ აუდიტორიები, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა.

NATO-ს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. 

კომენტარები