პირადი კადრები

ქალდანი პირად კადრებზე: მაკოორდინებელი უწყება ან ჯგუფი უნდა შეიქმნას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. მან მოუწოდა საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტს, განსაზღვრონ ან შექმნან მაკოორდინირებელი უწყება ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს კომპლექსური გეგმის შემუშავებაზე და მის სწრაფად განხორციელებაზე. ქალდანის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო მზად არის, "მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ პროცესში, რომელიც საქართველოში პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის და პირადი ცხოვრებით შანტაჟის მანკიერ პრაქტიკას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს".

"მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მოახდინეს გარკვეული სახის პრევენცია, კვლავ გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისა და შანტაჟის მცდელობა. ჩვენი საზოგადოება გამოხატავს ძალიან მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას. საზოგადოებამ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს. ამავდროულად, ყველა აცნობიერებს, რომ მიმდინარე გამოძიებებს დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და, სამწუხაროდ, საზოგადოება დღითი დღე კარგავს ამ გამოძებების სწრაფად და ეფექტურად დასრულების იმედს.

სწორედ ამიტომ გვგონია, რომ ახლა საჭიროა ყველა რესურსის მობილიზება და ერთიანი კონკრეტული და ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც შეძლებს უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს:

პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს მიმდინარე გამოძიებაში არსებული შესაძლო ნაკლოვანებები და მყისიერად მომზადდეს ასეთი ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული ნაბიჯები. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უცხოელი ექსპერტებისა და უწყებების ჩართვა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების პროცესში, იმ უწყებების, რომელთაც აქვთ მსგავსი დანაშაულის გამოძიების ეფექტურად წარმართვის სწორი და კარგი გამოცდილება.

ამავე დროს მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების შედეგად დგება, მინიმუმამდე უნდა იქნას შემცირებული.

საჭიროა რეფორმების გაგრძელება, ერთის მხრივ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფრო მყარი გრანტიების შესაქმნელად და მეორეს მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის ასამაღლებლად. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს", - აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

დღეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს ბმული Facebook-ის რამდენიმე მომხმარებელმა, მათ შორის, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ და მსახიობმა ბესო ზანგურმა მიიღეს. მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

"მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, მოვიკითხავ და თუ მექნება ინფორმაცია, გეტყვით", - ამბობს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

კომენტარები