პირადი კადრები

მაჭავარიანი: Facebook-ში გამომიგზავნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

TV პირველი

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თქმით, მას Facebook-ში გაუგზავნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მაჭავარიანმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სამ დღეში მისი Facebook-ის გვერდი დაიბლოკა.

"ეს არის მთავრობის ხელი, მთავრობას ძალუძს, რომ ასეთი რამ აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში დამიბლოკეს ფეისბუქი, დამიჰაკერეს. როგორც ჩანს, მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს კადრები გაუგებარი საიტებიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გავხსენი. იყო შეთავაზება - "ხომ არ გაინტერესებთ ნახვა?" რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ბინძური შანტაჟი და ტერორია", - თქვა მაჭავარიანმა.

ვახო სანაიას კითხვაზე, იყო თუ არა ეს უკვე გამოქვეყნებული კადრები, მაჭავარიანი პასუხობს, რომ "ეს იყო კადრები, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში".

"იყო ტექსტი და იყო პირველი გვერდი, სადაც არის შორიდან ნაჩვენები ორი ადამიანის ფიგურა. ეს მასალები ბევრ ადამიანს მიდის გაუგებარი საიტებიდან, გასართობი საიტებიდან. არის 3-5 წუთი და ამ დროის შემდეგ, ლინკი აღარ არსებობს. ეს არის ჰაკერული მიდგომა და ხელისუფლებას რომ უნდოდეს, ამას გამოიძიებდნენ და დადებდნენ", - ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები