პირადი კადრები

კამპანია ეს შენ გეხება მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავს

ეს შენ გეხება მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული ვიდეოკადრების გავრცელებაზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, მიაღწია თუ რა გამოძიებამ რაიმე პროგრესს.

”პროკურატურა ამ მიმართულებით პასიურობს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტურები უნდა იყვნენ. ასევე ჩვენ მოთხოვნებს შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს კანონი მოსმენებთან დაკავშირებით და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს“, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, უფრო ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისთვის, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ გამოძიება არ დარჩენილიყო მხოლოდ ადგილობრივი პროკურატურის ხელში, იმისათვის, რომ გამოძიების მიმართ ყოფილიყო გაცილებით მეტი სანდოობა და მათ ჰქონოდათ ამ ტიპის დანაშაულის გამოძიების უფრო ადეკვატური ექსპერტიზა, ჩართული ყოფილიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურები. ეს გაზრდიდა გამოძიების მიმართ სანდოობასაც და გამოძიების უნარს და შესაძლებლობას, უფრო ადეკვატურად და ეფექტურად მოეხდინა რეაგირება. გასულია არაერთი დღე და ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად არანაირი პასუხი იმის შესახებ, აქვს თუ არ გამოძიებას რაიმე ხელშესახები ინფორმაცია დამნაშავეების შესახებ, არ გვაქვს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კამპანიამ - ეს შენ გეხება - გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვენ.

"შეიცვალოს მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს - ეს არის ეს შენ გეხებას წევრი უფლებადამცველი ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა დღეს. კამპანიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივა საარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინონ და პარლამენტში წინადადების წარდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთონ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები