რექტორის იმპიჩმენტი

აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით შეიტანა.

"რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხვილვა დაწყებულია. ჩვენ გავაცანით ჩვენი წინადადებები და ხედვები, თუ რატომ და როგორ უნდა მოხდეს რექტორის გათავისუფლება. ჩვენი მხრიდან დასაბუთებული არგუმენტები ორშაბათისთვის იქნება წარდგენილი საბჭოსთვის. "- განმარტა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, შალვა საბაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ცნობისთვის, რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა 3-ეტაპიანია. საბჭოს წევრთა თქმით, ისინი ახლა მეორე, მოკვლევის ეტაპზე არიან. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, საბჭო ფარული კენჭიყრით რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

" რექტორის მოვალეობის ვადამდე შეწყვეტის საკითხი უკვე დაისვა 16 მარტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე. მიმდინარეობს მოკვლევა, რასაც სჭირდება დრო. ამაში ჩაერთვებიან შესაბამისი სამსახურები. რაც მთავარია ეს საქმიანობა წარიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად" - განმარტა აკადემიური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რამაზ ქურდაძემ. 

კომენტარები