სპეცოპერაცია ბრიუსელში

პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დაკავებულია

Reuters.com

ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონის ქუჩებში ამ დრომდე ისმის სროლების ხმა. 

სპეცოპერაციის შედეგად, პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, აბდესლამის დაკავების შესახებ ინფორმაცია ბრიუსელის პოლიციამ დაადასტურა.

Washington Post-ის ცნობით, სამშაბათს ჩატარებული რეიდის დროს 26 წლის სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები მოლენბეკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, რის შედეგადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიგეგმა. ბელგიელი სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი ოთხი პირი ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა.

კომენტარები