ოკუპირებული ტერიტორიები

ქართულმა მხარემ აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებს პატიმრები გაუცვალა

smo.ge

ქართულმა მხარემ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმებს ენგურის ხიდზე პატიმრები გაუცვალა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა. აღნიშნული ოთხი პირი გორის ტერაქტში იყვნენ ბრალდებულები, ქართველები კი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდათ აფხაზეთში დაპატიმრებული.

"პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი. სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და გერლიანი კობა; ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, გრიგალაშვილი თეიმურაზ და ფუხაევი იგორ", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო ტყვეების სანაცვლოდ ტერორიზმში ბრალდებული მალხაზ ყოლბაიას, მეტსახელად კოჭოიას გადაცემაზე, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული პირობა შეიცვალა.

კომენტარები