ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

ნადეჟდა სავჩენკომ განაჩენის გამოცხადებამდე მშრალი შიმშილობა შეწყვიტა

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

უკრინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის თქმით, სავჩენკო მშრალ შიმშილობას წყვეტს, მაგრამ განაჩენის გამოცხადებამდე საკვებს მაინც არ მიიღებს. სასამართლოს გადაწყვეტილება 21-22 მარტს გახდება ცნობილი.

ადვოკატის განმარტებით, სავჩენკოს მშრალი შიმშილობის შეწყვეტა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნამ გადააწყვეტინა.

"ვიცი, რომ თქვენთვის ეს რთულია, მაგრამ მინდა, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა: ჩვენ არ გვსურს თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება. ჩვენ ჯანმრთელი ნადეჟდა სავჩენკო გვჭირდება - უკრაინის გმირი, სახალხო დეპუტატი, ჩვენი თავისუფლების სიმბოლო, რომელიც სახლში მალე დაბრუნდება და სხვებს მისცემს მაგალითს. მგონია, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილით თქვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება და ვისურვებდი თქვენ ხილვას ჩვენს მთავრობაში", - ნათქვამია პეტრო პოროშენკოს წერილში, რომელიც მან სავჩენკოს გაუგზავნა.

ნადეჟდა სავჩენკომ პეტრო პოროშენკოს წერილითვე უპასუხა, რომელშიც მადლობას უხდის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ წყვეტს მშრალ შიმშილობას.

"მე არასდროს ვაღიარებ თავს დამნაშავედ და არ ვაღიარებ არც რუსულ სასამართლოს. დღეს მე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდაჭერა მივიღე. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ძალას არ იშურებს ჩემს გასათავისუფლებლად და მათი მადლიერი ვარ, მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ გახსოვდეთ ერთი ჭეშმარიტება: ერთი ადამიანის სიცოცხლე ორი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს, ამიტომ გაცვლა უნდა მოხდეს ყველასი ყველაზე ან ერთის ერთზე... განაჩენის გამოტანამდე ვწყვეტ მშრალ შიმშილობას და ვაგრძელებ შიმშილობას წყალზე", - ნათქვამია ნადეჟდა სავჩენკოს წერილში.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები