ციხისძირი

პროკურატურა: ციხისძირში 90 605 კვ.მ. ფართობის მიწა სახელმწიფოს დაუბრუნდა

TV25

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2011 წლის 5 აგვისტოს, ოფშორულ ზონაში, კერძოდ პანამაში, რეგისტრირებულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, 1 ლარად გადაეცა ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 90 605 კვ.მ-ს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, საქმეში უკანონოდ იყვნენ ჩართულები სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

როგორც პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები ბათილად ცნეს და უძრავი ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ციხისძირის სწორედ იმ ნაკვეთებზე საუბრობს, საიდანაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი ხეები შეკვეთილში გადააქვს.

კომენტარები