კანონი მიწის საკუთრების შესახებ

ენმ: მთავრობამ გლეხს კუთვნილი მიწა უსასყიდლოდ უნდა გადასცეს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს. ამის შესახებ ენმ-ის წევრებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მთავრობამ მოსახლეობის ინტერესები უნდა დაიცვას.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, მთავრობის კანონპროექტით არსებობს საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს.

"მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის განხილვაც დაწყებულია და რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ვინაიდან ეს საკითხი თითოეული გლეხისთვის ძალიან რთული და მძიმე იყო, 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, ასეთი მიწების აღრიცხვა/აღწერა მოხდა და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა. მთავრობის კანონპროექტით, დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს. კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. შესაძლოა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩეს", - ამბობს ღვინიაშვილი.

გიგი წერეთელმა კი აღნიშნა, რომ თუ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, მთავრობამ გლეხებს მიწები უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.

"მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ყველას აღელვებს, ყველა რეგიონს. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ეს კითხვები ისმება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი. გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროცესი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს და იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს უსასყიდლოდ გააკეთოს და გლეხს მიწა საკუთრებაში გადასცეს", - თქვა წერეთელმა.

ცნობისთვის, 2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველად მიიღო მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1-წლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია. 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნულ სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, განკარგოს, მათ შორის - გაასხვისოს, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

კომენტარები