პრემიერი: ახალი ავიარეისები კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატების გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, WizzAir-ის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„კარგი ამბავი არის ის, რომ „ვიზეარმა" გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის", – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

2016 წლის სექტემბრიდან, ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. პირდაპირი რეისები შესრულდება ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფიას მიმართულებით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით კი, "მთავრობა და პირადად ივანიშვილი - ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო, დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი". 

კომენტარები