არჩევნები 2016

ენმ: მმართველ კოალიციას უნდა, თავის თავზე მოირგოს საარჩევნო სისტემა

ტაბულა

საარჩევნო კანონმდებლობის საკითხზე ვენეციის კომისის წევრები და ეუთოს ექსპერტები თბილისში შეხვედრებს მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს კონსენსუსი, რომ 2016 წელს არჩევნები სამხარეო-პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ენმ-ის განცხადებით, ამ კონსენსუსს მხოლოდ მმართველი კოალიცია, ქართული ოცნება არღვევს.

„მმართველ კოალიციას უნდა, რომ თავის თავზე მოირგოს საარჩევნო სისტემა და ახლა მიმდინარეობს საარჩევნო ოლქების გაუგონარი ჭრა-კერვა, იმისათვის, რომ უზრუნველყონ არჩევნებში თავისთვის გამარჯვება, მაშინ, როდესაც დაკარგული აქვთ ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა. ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს შეშფოთება ამ საკითხზე და, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან დოკუმენტირებულ მასალას მივაწვდით, თუ რა არასწორად იქცევა ქართული ოცნება", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ვენეციის კომისიის წევრები უკვე თავისუფალ დემოკრატებს ხვდებიან. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადებები არ გაითვალისწინა, არამედ ისიც, რომ ვენეციის კომისიაში ეს ცვლილებები გადაიგზავნა მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები რეალურად უკვე გატარებულია.

"ჯერ მიიღეს კოდექსი და შედეგ აფრინეს იქ შეფასებისთვის, იქიდან რომ ნეგატიური შეფასება მოვიდეს, რა უნდა ვქნათ?" - თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა და აღნიშნა, რომ "ეს არის აბსურდის თეატრი".

ვენეციის კომისიის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ისინი დღეს შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კომენტარები