ყადაღა

კომპანიებს ყადაღას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ დაადებენ

management-degree.net

ნოდარ ხადურმა დღეს წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპანიების ანგარიშებს ყადაღას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ დაადებს. ინიციატივა ბიზნესისთვის საგადასახადო ადმინისტრირებას გაამარტივებს, რადგანაც ყადაღა ხშირ შემთხვევაში კომპანიის ბიზნესსაქმიანობას აფერხებს და მას მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

"გვაქვს ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო წინადადება, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა სასამართლოს გარეშე. შემოსავლების სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, ისევ დაადებს ყადაღას ანგარიშებს, ოღონდ 48 საათის პერიოდში სასამართლოსგან უნდა მიიღოს თანხმობა. თუკი სასამართლოსგან თანხმობის მიღება ვერ მოხდება, ყადაღა ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება", - ამბობს ხადური. 

ამ ინიციატივასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ქართული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც 15%-ით დაიბეგრება განაწილებული მოგება, რეინვესტირებული მოგება კი გადასახადისგან გათავისუფლდება.

ნოდარ ხადურმა დღესვე ფინანსური ამნისტიის პროექტიც წარადგინა, რომლის მიხედვით კომპანიებს, რომლებსაც აქტივობა არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანებები. ნაწილობრივ კი ჩამოიწერება 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებები. ჯამში, წინასაარჩევნოდ, მთავრობა 2 მილიარდი ლარის გადასახადების ჩამოწერისთვის არის მზად.

კომენტარები