ხოდორკოვსკის საქმე

INTERFAX: მიხაილ ხოდორკოვსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

Reuters

იუკოსის ყოფილ მფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ INTERFAX-ს ანონიმურმა წყარომ აცნობა.

ანონიმური წყაროს თქმით, საერთაშორისო ძებნაზე გადაწყვეტილება გაგზავნილია ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროში, ლიონში.

მიხაილ ხოდორკოვსკის ოფიციალური წარმომადგენლის ოლგა პისპანენის ინფორმაციით კი, ხოდორკოვსკი არ აპირებს საკუთარი გეგმების შეცვლას ან მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილების შეწყვეტას.

"ნორმალურად განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი [რუსული] სისტემისგან განსხვავებით. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეისწავლიან ამ საქმის ყველა დეტალს", - თქვა პისპანენმა.

ცნობისთვის, მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში ცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლა. ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა. ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე, 2013 წლის დეკემბერში შეიწყალა.

2015 წელს მიხაილ ხოდორკოვსკის 1998 წელს მოკლული ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინეს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება პეტუხოვის პირადი მცველის ვიაჩესლავ კოკოშკინის მკვლელობის მცდელობის და კომპანია Ист Петролеум Хандельсгез м.б.х-ის მმართველის ევგენი რიბინის მკვლელობის ორგანიზებაც.

კომენტარები