საგადასახადო ამნისტია

ხადურის ინიციატივით, მთავრობა 2 მილიარდი ლარის გადაუხდელ გადასახადებს ჩამოწერს

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფართომასშტაბიანი საგადასახადო ამნისტიისთვის ემზადება. ნოდარ ხადურმა დღეს წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მზად არის, სრულად ჩამოწეროს 2011 წლამდე წარმოშობილი ყველა საგადასახადო დავალიანება, რომლის მოცულობაც 1.4 მილიარდ ლარს აღემატება. ხადურის ინიციატივით, ასევე უნდა ჩამოიწეროს 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებები, თუკი კომპანიები თანხის ძირის გადახდას დათანხმდებიან, რაც 600 მილიონი ლარის დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომლებიც მათ დაუფიქსირდათ 2011 წლამდე. ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება", - ამბობს ხადური. 

საგადასახადო ამნისტიის მიღების შემთხვევაში დავალიანება 70 ათას პირს სრულად, ნაწილობრივ კი 27 ათას პირს ჩამოეწერება. საგადასახადო ამნისტიასთან ერთად ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებასაც გეგმავს. შემოსავლების სამსახური კომპანიების საბანკო ანგარიშებს ყადაღას სასამართლოს თანხმობის გარეშე ვეღარ დაადებს. 

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო ამნისტიის პროექტს პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს. ხადური ცვლილებების მიღებას პირველი ივლისისთვის ელოდება.

კომენტარები