ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმადაც საქართველომ, რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ წარმოდგენილი ანგარიში ზუსტად აჩვენებს, სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო.
"ივანიშვილის მეცადინეობით ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გაძლიერებას საქართველოში მრავალი გამოვლინება აქვს. მაგალითად, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ მედიასაშუალებებს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობა აფინანსებს.
ივანიშვილის ინტერესების მომსახურე მთავრობა თვალსა და ხელს შუა ახორციელებს Gazprom-ის გულში ჩაკვრის პოლიტიკას - საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების საზიანოდ.
ამავე დროს, შვეიცარიული პრესა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს საკუთარ წილს კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ იარაღ Gazprom-ში. საბედნიეროდ, საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უმეტესად პროდასავლურია.
სწორედ ამიტომ, ივანიშვილი მკვეთრ მოძრაობებს ვერ აკეთებს და პროდასავლურ პოლიტიკას სიტყვით თითქოსდა აგრძელებს. აშშ-ის მთავრობის ეს ანგარიში აჩვენებს, რეალურად სად მიჰყავს ივანიშვილს საქართველო. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალიან საზიანო პოლიტიკას ქართველი ხალხი წლევანდელ არჩევნებზე დაასრულებს", - თქვა კანდელაკმა.





