რუსული საფრთხე საქართველოში

აშშ-ის დაზვერვა: საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს

ჯეიმს კლაპერი
AP

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ზრდის პარალელურად პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყვლადს გახდის. დასავლეთისკენ სვლის ნელი ტემპის გამო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და რუსული პროპაგანდის ეფექტურად გაძლიერება აჩენს პერსპექტივას, რომ თბილისი შეანელებს ან შეაჩერებს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ ძლიერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებაზე", - თქვა კლაპერმა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელ ანგარიშში ეწერა - "ჩვენ ვფიქრობთ, მოსკოვი ზეწოლას მოახდენს თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და NATO-სთან კავშირებზე". ანგარიში არ აფასებდა, რა ფორმით მოხდებოდა ეს. საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ უკვე მსჯელობენ, არის თუ არა ქვეყნის დასავლური ორიენტაცია რისკის ქვეშ. წლევანდელი შეფასებით კი ჩანს, რომ რისკი მზარდია.

კომენტარები