NATO - რუსეთი

NATO-ს ანგარიში: 2013 წელს რუსეთმა შვედეთზე იმიტირებული თავდასხმა მოახდინა

Reuters

Business Insider-ი აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 29 მარტის ღამეს რუსული საბრძოლო ავიაციის კონტინგენტმა ფინეთის ყურეს გადაუფრინა და შვედურ კუნძულ გოტლენდს 29-39 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. გოტლენდს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმისგან 160 კილომეტრი აშორებს. რუსული ავიაციის მოძრაობის ტრაექტორია ამ რეგიონში ტიპური რუსული საჰაერო ძალების მარშრუტისგან განსხვავდებოდა. სტატიის თანახმად, რუსული თვითმფრინავები ხშირად დაფრინავენ რუსულ მიწებსა და კალინინგრადში. თუმცა, ამ ავიაციამ გზას გადაუხვია და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს სიმულირებულ თავდასხმას ახორციელებდა.

ამ ფაქტზე საუბარია NATO-ს უკანასკნელი ანგარიშშიც, სადაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ამ მანევრს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მის პარტნიორებზე განხორციელებულ სიმულირებულ ბირთვულ თავდასხმას უწოდებს.

"რუსული სამხედრო მანევრებისა და წვრთნების სიჩქარემ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, როგორიც „ცივი ომის" შემდეგ არსად დაფიქსირებულა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა ჩაატარა მინიმუმ 18 ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა, ზოგიერთ ასეთ წვრთნაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაციც კი იყო ჩართული. ამ წვრთნების ნაწილი იყო NATO-ს წევრებსა და მის პარტნიორებზე განხორციელებული სიმულირებული ბირთვული თავდასხმები", - აღნიშნავს სტოლტენბერგი.

შვედური გამოცემა Svenska Dogbladet-ი Aviationist-ის ბლოგზე დაყრდნობით წერს, რომ 2013 წლის ოპერაციაში ორი TU-22M3 ტიპის უკუბომბდამშენი და ოთხი SU-27 ტიპის ზემანევრული გამანადგურებელი ფლანკერები იყო ჩართული.

ბლოგის თანახმად, TU-22M3 მოქმედების დიაპაზონი 6920 კილომეტრია და რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გადაზიდვაც კი შეუძლია. ეს არის იმ ტიპის ავიაცია, რომელიც შორიდან მოქმედებს და იდეალურია დასავლეთ ევროპაზე სტრატეგიული თავდასხმებისათვის. SU-27 კი ძალიან გამძლე რუსული ბომბდამშენია, რომელიც იდეალურად ეკიპირებულია საჰაერო თავდასხმის დროს სტრატეგიული იარაღების დასაცავად.

ვარშავაში მდებარე ევროპული სწავლების ცენტრის ანალიზში კი აღნიშნულია, რომ შვედეთს იმიტირებული თავდასხმის ღამეს, სწრაფი რეაგირების საგანგებო ჯგუფიც კი არ ჰყავდა. სტატიის თანახმად, ეს გვიჩვენებს შვედეთის საჰაერო ძალების სტრუქტურულ პრობლემებს და კითხვებს აჩენს საჰაერო ძალების სამსახურთან დაკავშირებით. საბოლოოდ, რუსულ ავიაციას NATO-ს საჰაერო-საპატრულო მისიის ფარგლებში მოქმედი ორი დანიური F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი წამოეწია.

Business Insider-ის სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ იმიტირებული თავდასხმები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე მოხდა, ეს ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილს, მომავლისათვის გაზარდოს მეზობელ ქვეყნებზე შესაძლო ბირთვული თავდასხმების სპექტრი.

"პუტინი გასული წლის განმავლობაში ღიად საუბრობდა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე და არც ბირთვული იარაღის შეძენის უპირატესი უფლების ღირებულებაზე რუს ნაციონალისტ პოლიტიკოსებთან ღია დისკუსიას ერიდებოდა", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორის აზრით, ის ფაქტი, რომ შვედეთზე სიმულირებული თავდასხმები ყირიმის კრიზისამდე მოხდა, გვაჩვენებს, რომ რუსეთი დასავლეთ ევროპაზე პროვოკაციულ სიმულირებულ ბირთვულ თავდასხმებს მანამდეც ახორციელებდა, სანამ მათი ურთიერთობა კრიზისს მიაღწევდა.

"2013 წლის ოპერაციამ გამოავლინა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და გვაჩვენა ისიც, თუ რამდენად მოუმზადებლები იქნებიან მათი მეზობლები რეალური კონფლიქტის შემთხვევაში", - წერია სტატიაში.

კომენტარები