yahoo

Yahoo 2016 წლის ბოლომდე თანამშრომელთა 15%-ს დაითხოვს

Bloomberg

ამერიკული საინფორმაციო გიგანტი Yahoo 2016 წლის ბოლომდე დასაქმებულთა 15%-ის შემცირებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარისა მეიერმა განაცხადა. კომპანიის 15% დაახლოებით 1.600 თანამშრომელს შეადგენს. გადაწყვეტილებამ საფონდო ბირჟაზე Yahoo-ს აქციების ღირებულების 2%-იანი შემცირება უკვე გამოიწვია. 

Yahoo თანამშრომელთა შემცირებით ფიქსირებული დანახარჯების შემცირებას ცდილობს. კომპანია დახურავს მის ხუთ საერთაშორისო ოფისს მათ შორის დუბაიში, მილანსა და ბუენოს აირსეში. ფინანსური პრობლემების გამო 2012 წლიდან დღემდე Yahoo-ს თანამშრომელთა რაოდენობა რამდენჯერმე შეამცირდა. დღეისთვის კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 42%-ით არის შემცირებული.

Yahoo უკვე წლებია ახალ ბაზრებზე დამკვიდრებას ცდილობს. ეს განსაკუთრებით ევროპულ ბაზარს ეხება, სადაც 10-დან 9 ძიება Google-ის მეშვეობით ხდება. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კი Yahoo საკუთარი ბიზნესის გარკვეული ნაწილების გასხვისებაზე ფიქრობს. 

მარისა მეიერის თქმით აქტივები, რომლებსაც დღეს Yahoo-სთვის მოგება მოაქვთ არის Yahoo Mail, Tumblr და საფინანსო-საინფორმაციო საიტი. 

კომენტარები