2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

ბოკერია: იმედია, ჰააგის შემთხვევაში ხელისუფლება მეტ კომპეტენციას გამოავლენს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში საქართველოს ხელისუფლება "მეტ კომპეტენციას გამოავლენს, გათავისუფლდება ბოღმისგან" და შედეგად დადგება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ჩაიდინა დანაშაული. ბოკერიას თქმით, აგვისტოს ომში ქართული მხარე იცავდა ქვეყანას და მოქალაქეებს.

„ქართულ მხარეს, ქართველ ჯარისკაცებს, ქართველ სამხედროებს, ქართულ ხელმძღვანელობას არანაირი დანაშაულები არ ჩაუდენია. ჩვენ ვიცავდით ქვეყანას და მოქალაქეებს. სამშვიდობოები იქ იქვნენ აგრესიის ინსტრუმენტი, ჩვენი სამხედროები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ სამშვიდობოებს არ დასხმოდნენ თავს, მაგრამ როცა სამშვიდობოები თვითონ ჩაერთნენ სამხედრო მოქმედებებში აქტიურად, როცა სამშვიდობო ობიექტებიდან ესწროდნენ ჩვენს მოსახლეობას და სამხედროებს, ბუნებრივია, შემდეგ საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამიტომ აქ არანაირი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი, ყველა ის საკითხი, რისი გამოძიებაც ხდება, რაც ჰააგის პროკურატურის საჯარო პრესრელიზში არის წარმოდგენილი - ეთნიკური წმენდა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მკვლელობები - ეს ყველაფერი ჩაიდინეს რუსულმა ძალებმა და მათმა მარიონეტებმა, ამის უამრავი მასალა არსებობს და მტკიცებულებები არის გადაგზავნილი. [...] მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეტი კომპეტენცია იქნება გამოვლენილი, ისინი გათავისუფლდებიან ამ ბოღმისგან და სისულელისგან, უპასუხისმგებლობისგან, რასაც ვხედავდით ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, აღარ დაიწყებენ შიდა პოლიტიკური თამაშებისთვის ქვეყნის ინტერესების შეწირვას და ამის შედეგად დადგება ის პასუხისმგებლობა, იმ პირების, ვინც რეალურად ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაულები“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეთა პალატამ, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მიიჩნია, რომ გამოძიების გასაგრძელებლად გონივრული საფუძველი არსებობს.

კომენტარები