მიწების რეგისტრაცია

გირჩი: სახელმწიფო ფარულად იფორმებს კერძო მფლობელობაში არსებულ მიწებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისგან ფარულად, დაიწყო კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება. ამის შესახებ გირჩის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

"ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე რაიონი და დავადგინეთ, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე მიითვისა 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს შემდეგს: თქვენ ან თქვენი ოჯახი შესაძლოა თვლიდეთ, რომ საკუთრებაში გაგაჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ/ამუშავებთ, მაგრამ არ გაქვთ გაკეთებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ ისე, რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე", - აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.

"სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი! ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაპირებთ, დავადგინოთ, ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება", - აცხადებს გირჩი.

ცნობისთვის, 2015 წლის ბოლოს, პარლამენტში შევიდა იუსტიციის სამინისტრის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების მის ბალანსზე გადატანას გეგმავს. საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით, უძრავ ქონებაზე თუკი არ არსებობს საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის შესახებ ჩანაწერი, აღნიშნული ქონება ავტომატურად ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება ხდება. მთავრობა პარლამენტისგან ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. როგორც კანონის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტის შეფასება. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, თეა წულუკიანმა ვერ გაიხსენა იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტი მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, მთავრობიდან პარლამენტში მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება არ წასულა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ნორმებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და ის მიწის ფაქტობრივ მესაკუთრეებს იმ დოკუმენტაციის მოძიებაში დაეხმარება, რომელიც მათ მიწის ოფიციალურად რეგისტრაციის პროცესს გაუმარტივებს.

კომენტარები