მდგომარეობა გზებზე

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. ასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილსა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზებზე. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

გზების დეპარტამენტის ცნობითვე, საავტომობილო გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდენ. შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის განმარტებით, ამ დროისთვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე. ამასთან, მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ლესა და შუხუთი-ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.

"ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები