რელიგიური მსვლელობა მეტროში

მართლმადიდებელთა ჯგუფი ყველა ვაგონში სამლოცველო კუთხის გახსნას მოითხოვს

მსვლელობა მეტროში

facebook-ზე შექმნილია გვერდი, სახელწოდებით: "გამოიყოს სალოცავი კუთხე მეტროს ყველა ვაგონში". გვერდი ავრცელებს ფოტო და ვიდეომასალას, სადაც სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი, მეტროსადგურში მსვლელობას მართავენ.

ვიდეოკადრებში სასულიერო პირები და მორწმუნეები გალობენ ნათლისღების საგალობელს "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს", ხოლო ბოლოსკენ, ისმის შეძახილი "ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენთან არს მამა ნიკოლოზი!".

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მრევლს ხატებთან ერთად, ხელში უჭირავს წმინდანად შერაცხული გაბრიელ ურგებაძისა და ნიკოლოზ მაქარაშვილის ფოტოსურათები. ამ უკანასკნელის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: "მხსნელი", "გადამრჩენელი" და ა.შ.

გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები