მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას მტკიცებით, მისი დაკავება და 11-წლიანი სასჯელი პანორამა-თბილისის მიმართ მერიაში არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება. კერძოდ, მსჯავრდებულის განცხადებით, თბილისის ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი პანორამა-თბილისის წინააღმდეგი იყო და ამის გამო, ივანიშვილმა ნარმანიას მოადგილის გათავისუფლება მოსთხოვა. ბოდოკიას განცხადებით, პირველ ეტაპზე, ნარმანია ივანიშვილის მოთხოვნას არ დათანხმდა, რის შემდეგაც, ივანიშვილმა შსს-ს და პროკურატურას დაავალა, მარგიშვილი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ. მსჯავრდებულის მტკიცებით, მას რამდენჯერმე მოსთხოვეს მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
"ყველაფერი დღევანდელ სახელისუფლებო გუნდში დაწყებული შიდა დაპირისპირებით დაიწყო, რაც დიდი პროექტების განხორციელების გარშემო აზრთა სხვადასხვაობით იქნა განპირობებული, კონკრეტულად, პროექტი პანორამა-თბილისი. ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ პროექტის უკან, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. 2014 წელს, როცა ამ პროექტს პირველი წინააღმდეგობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან შეხვდა, მაშინ მოადგილედ ამ სამინისტროში გახლდათ ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი, სწორედ ის გახლდათ ამ პროექტზე განსხვავებული, უარყოფითი დასკვნის ინიციატორი. შემდეგ, იგივე პროცესი გაგრძელდა თბილისის მერიაში, სადაც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლების პირობებში, ალექსანდრე მარგიშვილი დაინიშნა თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე. რა მოხდა სულ რამდენიმე თვეში, რატომ შეიცვალა ბატონმა ივანიშვილმა დამოკიდებულება ნარმანიასთან მიმართებით, როდესაც ის უკვე მას საკუთარ მეორე შეცდომას უწოდებს? მოხდა ის, რომ პროექტ პანორამა-თბილისის განხორციელებას უკვე მერიაშიც პრობლემა შეექმნა. ივანიშვილმა ამის შემდეგ ალექსანდრე მარგიშვილის გათავისუფლება მოითხოვა, რასაც ნარმანია შეეწინააღმდეგა. ამის შემდეგ, ივანიშვილს თამაშში შეჰყავს მისთვის ერთგული და ძლიერდასაყრდენი ძალოვანი სტრუქტურები, კონკრეტულად, შს მინისტრის ხელმძღვანელობით და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ბატონი შოთაძე. მათ პირდაპირ ავალებს, არანაირი ძალ-ღონე არ დაიშურონ ალექსანდრე მარგიშვილის სისხლის სამართლის საქმეში მისაცემად. "თავგასული" მერისა და მერიის კონტროლის ობიექტზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედებების გატარებას უბრძანებს. კვირაში 3-4-ჯერ იბარებდნენ ჩემს უფროსს გეგი ნიჟარაძეს მოდულის შენობაში. ამის მოწმე მე თავად ვარ. გააქტიურდა აგენტური მუშაობა, პროვოცირება თანამშრომლების სხვადასხვა უკანონო ქმედებისკენ, რასაც ჩემს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმავდროულად იმჟამინდელი სუსის ხელმძღვანელის ნიკა მჭედლიშვილის ძმაა", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, 2015 წლის 11 თებერვალს დააკავეს.





