ენერგეტიკა

ირანთან კალაძის მოლაპარაკებები თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობას შეეხება

almasdarnews.com

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიასაშუალების Tehran Times-ის ცნობით, საქართველოსთან მოლაპარაკებების მთავარი საგანი სომხეთის გავლით თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობაა. ირანულ მხარესთან არსებულ მოლაპარაკებებს ენერგეტიკის სამინისტროც ადასტურებს.

ირანის ბუნებრივი აირის ექსპორტის კომპანიის თავმჯდომარის, ალი რეზა ქემელის თქმით, ირანი საქართველოსთვის სომხეთის გავლით გათხევადებული ბუნებრივი აირის LNG-ის მიწოდებას გეგმავს. ქემელი ამბობს, რომ საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 8-14 მილიონი კუბური მეტრი იქნება. რეზა ქემელი აზუსტებს, რომ თხევადი ბუნებრივი აირი საქართველოსთვის არის განკუთვნილი და ის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე არ გავა.

“ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით.” - წერია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და ირანის ენერგეტიკის მინისტრები ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ, სადაც ელექტროენერგიის სექტროში ურთიერთანამშრომობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ირანის ნავთობის მინისტრის, თქმით ირანი რეგიონის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ექსპორტის ზრდით დაინტერესებულია.

პრორუსული მედიასაშუალება Sputnik-ის ინფორმაციით, Gazprom ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შემდეგ ირანული ბუნებრივი აირის გათხევადებაში ინვესტიციების ჩადებას და ექსპორტზე გატანს გეგმავს.

Socar Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ ის ვერ გააკეთებს კომენტარს საქართველო-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რადგანაც ამ კითხვებს პასუხი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მამედოვი ამბობს, რომ ქართული გაზის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდება და აზერბაიჯანულ მხარეს ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. 

კომენტარები