ენერგეტიკა

Socar: ირანთან მოლაპარაკებებზე კითხვები უმჯობესია საქართველოს დაუსვათ

Socar Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ ის ვერ გააკეთებს კომენტარს საქართველო-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რადგანაც ამ კითხვებს პასუხი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მამედოვი ამბობს, რომ ქართული გაზის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდება და აზერბაიჯანულ მხარეს ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. მამედოვის კომენტარი აზერბაიჯანულმა Trend.az-მა გაავრცელა. 

"საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკებების წარმართვის მიზეზებზე უკეთესია ქართულ მხარეს კითხოთ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ გვაქვს მყარი საკონტრაქტო ვალდებულებები, რომლებიც სრულდება და შესრულდება სრული მოცულობით. გაზის ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8–10%-ით იზრდება და სოკარი ითვალისწინებს ამ ზრდას. თუ კომერციულ ბაზარზე გაზი არასაკმარისი იქნება, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს ეს მოცულობები, რამდენადაც დღეს ის უზრუნველყოფს კომერციულ ბაზარსაც. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. ჩვენს შორის არის მუდმივი დიალოგი და ჩვენ ვიცით, რა სურს ყველა მხარეს."- ამბობს მამედოვი.

ენერგეტიკის სამინისტრო ირანთან მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს. ირანის ბუნებრივი აირის ექსპორტის კომპანიის თავმჯდომარე ალი რეზა ქემელი ამბობს, რომ საქართველოსა და ირანს შორის თხევადი ბუნებრივი აირით LNG-ით ვაჭრობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ქემელი ამბობს, რომ საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 8-14 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

თხევადი ბუნებრივი აირი შედარებით ძვირადღირებულია, რადგანაც მისი გათხევადება საკმაოდ ენერგოტევადი პროცესია. 

კომენტარები