ქართული ღვინო

2015 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 51%-ით შემცირდა

ruslanguage.com

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში განახევრდა, 51%-იანი კლების მიზეზი ამ ბაზარზე არსებული ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც მოსახლეობამ ღვინის მოხმარება შეამცირა. რუსულ ბაზარზე არსებული კრიზისი ქართული მეღვინეობის ინდუსტრიაზე უარყფოითად აისახა, რადგანაც რუსეთი ქართული ღვინის უმსხვილესი ბაზარია. 2014 წელს რუსულ ბაზარზე ექსპორტზე გავიდა 37 მილიონი ბოთლი ღვინო 2015 წელს კი 46 ქვეყანაში გატანალი ღვინის მოცულობაა 36 მილიონი ბოთლი. 

2013 წლიდან რუსული ბაზრის გახსნის შედეგად მკვეთრად შეიცვალა წარსულში არსებული დივერსიფიცირებული ღვინის ბაზარი, 2014 წლისთვის ექსპორტის 2/3 უკვე რუსეთზე მოდიოდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და ნავთობის ფასების ვარდნის შემდეგ კი ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რასაც სხვა პროდუქტებთან ერთად ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაც მოჰყვა. რუსეთში არსებულ კრიზისს მეღვინეები მოუმზადებლები შეხვდნენ, რადგანაც მათ ექსპორტის დროული დივერსიფიცირება ვერ მოახდინეს, რასაც ექსპორტის კლება მოყვა. მეღვინეებთან ერთად ამ კრიზისს მევენახეებიც მოუმზადებლები შეხვდნენ, რადგანაც 2014 წლის რეკორდული რთველის შემდეგ არსებობდა მოლოდინი რომ ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდებოდა, ამ დროის კი ქარხნები შარშანდელი ღვინის გაყიდვას ვერ ახერხებდნენ, ამიტომაც 2015 წელს უფრო ნაკლები მოცულობის ყურძენი შეისყიდეს, რასაც ყურძენზე დაბალი ფასი და მევენახეთა უკმაყოფილება მოჰყვა.

წლების მანძილზე ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურებოდა:

  • 2015 - 36 მილიონი ბოთლი
  • 2014 - 59 მილიონი ბოთლი
  • 2013 - 46 მილიონი ბოთლი
  • 2012 - 23 მილიონი ბოთლი
  • 2011 - 19 მილიონი ბოთლი
  • 2010 - 14 მილიონი ბოთლი

2015 წლის მანძილზე 122%-ით გაიზარდა ღვინის გადატვირთვები ჩინეთში, რომელიც ღვინის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა - ეს ქართულ ღვინოს პერსპექტივას აძლევს, რაც ექსპორტის მაღალ ზრდაშიც გამოიხატება. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ღვინის შედარებით ტრადიციულ ბაზრებზე მსგავსი სწრაფი მატების ტენდენცია არ შეიმჩნევა. მათ შორისაა პოლონეთი ზრდა +3% (1.6 მილიონი ბოთლი), ლიტვა +4% (0.6 მილიონი ბოთლი). 

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მექსიკის შემდეგ ღვინის ოცდამეოთხე ყველაზე დიდი მწარმოებელია და მას მსოფლიო ბაზრის 0.3% უჭირავს. ამავე კვლევის მიხედვით, ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკაა, თუმცა აღნიშნული ბაზარი ადგილობრივი ღვინით არის გაჯერებული. ჩინეთში კი ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს.

კომენტარები