შემთხვევა დელისის მეტროში

შსს: დელისზე მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახი გულის პრობლემას უკავშირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელისის მეტროსთან მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახი გულის პრობლემას უკავშირებს. უწყების ცნობით, რადგან ოჯახის წევრებს პრეტენზია არ აქვთ, გამოძიება არ დაწყებულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება გუშინ, 14:00 საათზე შევიდა. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, მეტროსადგურ "დელისთან", მიწისქვეშა გადასასვლელში ხანდაზმული მამაკაცი უგონოდ იმყოფებოდა. ადგილზე შეტყობინებისთანავე, მივიდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია, რომელსაც 1949 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, მომხდარი ოჯახს შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის მეუღლე და შვილი, რომელთა ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალება ამას უკავშირდება. ვინაიდან ოჯახის წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ, უარი თქვეს ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა", - განმარტავენ შსს-ში.

როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მამაკაცი მიუსაფარი იყო და ყინვის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები