სათამაშო ბიზნესი

კვირიკაშვილი: ონლაინ-კაზინოები რეგულაციების გარეშე ძალიან დამაზიანებელია

ტაბულა

პრემიერობის კანდიდატის, გიორგი კვრიკაშვილის თქმით, ინტერნეტ-კაზინოები სათანადო რეგულაციების არარსებობის გამო ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ. კვირიკაშვილის შეფასებით, თუკი მთავრობა მივა დასკვნამდე რომ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მათი აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაშინ მთავრობა სხვა ტიპის ზომებს მიიღებს. უცნობია, ნიშნავს თუ არა სხვა ზომების მიღება ონლაინ კაზინოთა ლიცენზიების გაუქმებას. 

"რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების, თავიდან იქნას აცილებული."- ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ონლაინ და ფიზიკური კაზინოები, რადგანაც ფიზიკური კაზინოები საქართველოს ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. 

"რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, აქ ჩვენ ბუნებრივია მათი მნიშვნელობა უნდა გავითავისოთ, რადგანაც ტურიზმში ჩადებული ინვესტიციების ნაწილზე არის გათვლა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი იღებს შემოსავლებს იმ ტურისტებისგან, ვინც საქართველოში სათამაშო ბიზნესის გამო შემოდიან. ამ ბიზნესს არ უნდა დაემუქროს რეგულაციები, კარგად უნდა განვასხვავოთ ჩვენ ონლაინ კაზინოები და ფიზიკური კაზინოები. "- ამბობს კვირიკაშვილი.

ონლაინ-კაზინოების დიდი ნაწილი მსხვილ სათამაშო კომპანიებს ეკუთვნით, ისინი გარკვეულწილად უკვე არსებული კაზინოების ონლაინ ფილიალებს წარმოადგენენ. მათზე რეგულაციების დაწესების შემთხვევაში სავარაუდოდ კომპანიები შემოსავლების ნაწილს დაკარგავენ. 

კომენტარები