ყავის ბაზარი

კონკურენციის სააგენტო: ყავის ბაზარი თავისუფალია

coffeeroasters.com.hk

კონკურენციის სააგენტოს დასკვნიდან ირკვევა, რომ ყავის საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოჩენილი არაა. სააგენტომ ბაზარი ორ ძირითად, ნალექიანი და უნალექო ყავის ბაზრებად დაყო და 2008 წლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით მათზე მიმდინარე ცვლილებები შეისწავლა. 

სააგენტოს მიგნებები:

"შემოსული მასალების ანალიზის, მიღებული კონსულტაციებისა და გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ ხსნადი და ნალექიანი ყავის სახეობები არ წარმოადგენენ ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციას. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა ყავის ორი ძირითადი ბაზარი - ნალექიანი და ხსნადი ყავის ბაზრები. 

მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზმა ნათლად წარმოაჩინა, რომ 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ქვეყნის ყავის (ხსნადი/ ნალექიანი) სასაქონლო ბაზრებზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემო იყო", - წერია დასკვნაში. 

ყავის ბაზრის შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ მოსახლეობის ელექტრონული გამოკითხვაც ჩაატარა და ყავის მომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფებიც შეისწავლა. სააგენტომ ბაზრის კვლევისთვის სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაც გამოიყენა. ყავის ბაზართან დაკავშირებით შეხვედრები არასამთავრობოებთანაც გაიმართა.

კონკურენციის სააგენტოს ჩატარებული აქვს ნავთობის ბაზრის კვლევა, რომლის შედეგადაც მან ნავთობის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს ჯამში 70-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ნავთობკომპანიებმა სააგენტოს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს. 

კონკურენციის სააგენტომ ასევე შეისწავლა წყალტუბოს მინერალური წყლების ბაზარიც, რომელთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

კომენტარები