თურქმენეთი

თურქმენეთმა ახალი მილსადენი აამოქმედა

rferl.org

ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი აირის მარაგებით უმდიდრესმა თურქმენეთმა $2.5-მილიარდიანი ახალი მილსადენი აამოქმედა, რომელიც ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების ექსპორტზე გატანის საშუალებას მისცემს. თურქმენეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენს წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია. ამ დროისთვის თურქმენული ბუნებრივი აირი ყაზახეთთან და რუსეთთან დამაკავშირებელი მილსადენებით ევროპულ ბაზარზე Gazprom-ის მეშვეობით ხვდება, მომავალში კი ქვეყანა ევროპისთვის ბუნებრივი აირის Gazprom-ისგან დამოუკიდებლად მიწოდებას გეგმავს. 

ევროპული ბაზარი

773-კილომეტრიანი მილსადენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საბადოებს დასავლეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ თურქმენბაშთან აკავშირებს. თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის თქმით, თურქმენეთი დაინტერესებულია საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდებით ევროპის ბაზარზე და, ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო დიალოგის გახსნისთვისაც მზადაა.  

გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ქუმსიშვილის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული მაგისტრალის გაძლიერება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება ტრანსკასპიური გაზსადენის აშენების შემდეგ გახდება შესაძლებელი. 

"თურქმენეთის ტერიტორიაზე მწყობრში შევიდა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში არის 30 მილიარდი კუბური მეტრი აირი. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კასპიის ზღვის სანაპიროებთან თურქმენეთის აღმოსავლეთში მდებარე საბადოებიდან გაზის ის ნაკადი მიეწოდოს, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომში ჩვენს ქვეყანაზე ტრანზიტით გასატარებლად. აქედან გამომდინარე, აღნიშნულის შემდგომი განვითარება უნდა იყოს უშუალოდ კასპიის ზღვაზე გაზსადენის მშენებლობა, რომელიც გააფართოებს და გააძლიერებს დღეს არსებულ გაზსადენებს, რომელთა მეშვეობითაც კასპიური გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპის ბაზარს", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ახალი მილსადენი
ფოტო: unian.net

აზიური ბაზარი

13 დეკემბერს თურქმენეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ავღანეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრანსავღანური მილსადენის (TAPI) მშენებლობას, რომელიც ავღანეთის გავლით შუააზიურ ბუნებრივ აირს პაკისტანსა და ინდოეთს მიაწვდის. პროექტის ღირებულება $10 მილიარდია და მისი ამოქმედება 2019 წელს იგეგმება. 

თურქმენეთი ბუნებრივი აირის დამტკიცებული მარაგებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მისი მოსახლეობა კი 5.5 მილიონს შეადგენს. თურქმენეთი ლიდერობს ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული და ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ათეულებში. 

კომენტარები