დოლარი

ქადაგიძე: აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ლარის გაუფასურებას არ გამოიწვევს

ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდი
forbes.com

15-16 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარეზერვო ფონდის (FED) შეხვედრაზე მაღალი ალბათობით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. საპროცენტო განაკვეთების ზრდა უკვე გამყარებული დოლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას გამოიწვევს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს მოლოდინი დოლარის კურსსა და მის სიმყარეში უკვე ასახულია, ამიტომაც 16 დეკემბრის შემდეგ ამ მიზეზით ლარის კურსის დამატებითი მერყეობა მოსალოდნელი არაა.

"ამას მთელი მსოფლიო ელოდება. იცით, რომ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. მოლოდინები არის, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ფედერალური სარეზევრო სისტემა გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს მოლოდინი უკვე ასახულია დოლარის ინდექსსა და მის სიმყარეში, ამიტომაც ამ მიმართულებით ჩვენ დამატებით მერყეობას არ ველოდებით."- ამბობს გიორგი ქადაგიძე.

FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის დასრულებაა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო FED-მა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, რაც მიზნად ეკონომიკის სტიმულირებას ისახავდა. 2014 წლიდან კი კრიზისის შედეგები პრაქტიკულად აღმოიფხვრა.

FED გადაწყვეტილების მიღების დროს ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და ახალი სამუშაო ადგილების სტატისტიკას გაითვალისწინებს. წელს აშშ-ში 1.9 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი გასული შვიდი წლის მინიმუმამდე - 5.1%-მდე შემცირდა.

წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარის ინდექსი, DXY რაც დოლარის გამყარებას აშშ-ის სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალიუტებთანაც მიანიშნებს. ამჟამად დოლარის ინდექსი 98-ს შეადგენს.

ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

კომენტარები