საგზაო მოძრაობის წესები

მოძრაობის წესების დარღვევისას, მძღოლებს მართვის მოწმობის ქულები დააკლდებათ

RFE/RL

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა შემოდის. კერძოდ, შსს-ს ინიციატივით, მოძრაობის წესების დარღვევისას, მძღოლებს ასქულიანი ლიმიტიდან დააკლდებათ კონკრეტული დარღვევისთვის განკუთვნილი ქულა. ლიმიტის განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ სიახლე არ შეეხება ვიდეოჯარიმებს და საუბარია მხოლოდ უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე.

"არის ქულების სისტემის შემოღება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მძღოლს, ვინც ფლობს მართვის მოწმობას, მიანიჭებს ას ქულას ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დარღვევების შემდეგ, მძღოლებს მოაკლდებათ ამ ქულების ლიმიტიდან შესაბამისი ოდენობის ქულა. რომელიც ამ კონკრეტულ დარღვევაზე იქნება მიბმული. ეს ცვლილება, ეს შემოთავაზება ხელს შეუწყობს იმას, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ იყოს ინდულგენცია და ბოდიში დარღვევისთვის", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის თქმით კი, ქულათა სისტემას გადახედვა სჭირდება, რის გამოც საბოლოო ვარიანტზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.

"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება. როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება, მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით. 

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1 იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის - შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის - პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები