NATO-საქართველო

კვირიკაშვილი: MAP რჩება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად

ტაბულა

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ავრცელებს, სადაც კვირიკაშვილი ამბობს, რომ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებით, ნატომ დაადასტურა, რომ ალინსის ღია კარის პოლიტიკა კვლავ შენარჩუნებულია.

"NATO-ს მინისტერიალის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მონტენეგროსთვის იღება NATO-ში გაწევრიანების კარი, ეს ადასტურებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით თავსებადობის ზრდის მიმართულებით, ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით", - აცხადებს კვირიკაშვილი.

მინისტრის განცხადებით ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები შევა ვარშავის სამიტის დღის წესრიგში და სამიტზე მიღებული იქნება ურთიერთქმედების გაღრმავების დამატებითი და ახალი კომპონენტები.

"აღინიშნა საერთაშორისო სამშიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობა და რაც ყველაზე მთავარია, ხაზი გაესვა იმას, რომ რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და ჩვენ, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა ეს საბოლოო მიზანი აუცილებლად იქნას მიღწეული"- თქვა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა განცხადების იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, სადაც ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი NATO-ში გაწევრიანებისათვის.

"არის ძალინ მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი, ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ NATO-ში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად" - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები