ვიზალიბერალიზაცია

ენმ-მ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რეზოლუციის პროექტი მოამზადა

საქართველოს პარლამენტი

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა. დოკუმენტი ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხება და მასში აღნიშნულია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას. რეზოლუციის პროექტით ენმ ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მიმართავს. დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ყველასთვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებს და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს.

"გუშინ ჩვენ ახალი მემარჯვენეების ინიციატივას - ევროპასთან ვიზალიბერალიზასთან დაკავშირებით შევუერთდით. ვთვლით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს. რეზოლუცია ეხება იმას, რომ ჩვენ ვამბობთ - საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ესაა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კიდევ უფრო დაახლოებისთვის ევროპისა და საქართველოსი", - განაცხადა უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი:

1. გამოთქვამს მადლობას ევროკავშუირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ წევრ სახელმწიფო - ბელგიას - პროცესის დასრულებისკენ ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად.

2. მიმართავს ევროკომისიას, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და იმედს გამოთქვამს, რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ გადადგას იმგვარი ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას.

4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროულად და სრულფასოვნად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები.

5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აწარმოოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია და მოახდინოს უვიზო მოგზაურობის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.

კომენტარები