გენდერული კვოტირება

უმრავლესობის დეპუტატი: მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატ თემურ ჭკუასელის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. ჭკუასელმა პროპორციულ სიებზე საუბრისას, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ კაცები უფრო გლობალურად აზროვნებენ.

"სქესთა შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის, ერთი მაინც წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ჩემი აზრით, მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება", - განაცხადა ჭკუასელმა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბაია პატარაიას პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, "ეს არის ჩვეულებრივი სექსიზმი და ქალების შეურაცხყოფა".

დეპუტატმა კი სიტყვის დასრულება ითხოვა და განმარტა, რომ "მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ქალებს აქვთ თვისება, გლობალური აზროვნების გარდა, მიაქციონ ყურადღება დეტალებსაც, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ-მეთქი. მე ამის თქმა მსურდა. ამიტომ, ქალბატონები გვჭირდება პარლამენტში, რაზე მეჩხუბებით, არ მესმის, რა ვთქვი ისეთი".

ბაია პატარაიას თქმით, "თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ მთელ ქალებს. ეს არის სექსიზმი, რომ კაცები უკეთესად აზროვნებენ ან თუნდაც სხვანაირად აზროვნებენ".

კომენტარები