ISIS-ის პროპაგანდა

ISIS-ის მუქარა ქართველ ხალხს: სულ მალე დადგება თქვენი თავების დაჭრის დროც

ISIS

ISIS-ის ქართულენოვანი ტერორისტები ვიდეოს ავრცელებენ, სადაც აჭარელ მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ "ქაფირებს" - (الكافر‎‎ - ურწმუნო) ქრისტიანებს ემუქრებიან. ვიდეორგოლში ოთხი მებრძოლი ჩანს, რომელთაგან მხოლოდ ორი მეტყველებს და საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ. "გზავნილი ქართველ ხალხს" - ამ სახელწოდებით ვიდეო, ხალიფატის ქართულ ვებგვერდზე განთავსდა. 

მებრძოლები ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნოების მონებად მოიხსენიებენ, ასევე ისლამის მდევნელებს თავის მოჭრით ემუქრებიან.

"ასევე მინდა მივმართო საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც ებრძვიან დიდი ხნის მანძილზე ისლამს, დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ. ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარი უფრო შემაწუხებელი იქნება შემდგომში თქვენთვის. ყველა თქვენი ნამოქმედარისთვის განისჯებით, ღმერთის კანონით, ისე კი არა თქვენ რომ სჯით, ღმერთის კანონით...

შეგახსენებთ, რომ გონს მოეგოთ და შეეშვათ მუსლიმანების დევნას, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარისთვის პასუხს აგებთ, ყველა თქვენი მოქმედება, რომელსაც ისლამის წინააღმდეგ გამოიყენებთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, ყველა ადამიანი აგებს პასუხს, დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით თქვენი თავების დაჭრის დროც, თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს, თუმცა მინდა შეგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც იყო საქართველოში ხალიფატი, იმ დროის ქართველები გაცილებით ვაჟკაცი ხალხი იყვნენ, ვიდრე დღეს საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს და ებრძვის ისლამს და მუსლიმანებს, ძალიან მალე მოვალთ, ძალიან მალე, რომელიც თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება, ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!" - ნათქვამია ვიდეორგოლში.

აღსანიშნავია, რომ ISIS პროპაგანდისტულ ვიდეორგოლსა და ტერორისტულ ჯგუფთან შეერთების მოწოდებებს დაუბრკოლებლად ავრცელებს იმავე საიტზე, რომელთან დაკავშირებითაც სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი, ვახტანგ მაისაია, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ორი კვირის წინ 10 წუთიანი ვიდეორგოლის გავრცელებას აანონსებდა: "მალე 10 წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია", - ამბობდა მაისაია.

კომენტარები