პრემიერი: არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მათი ხელფასი 5000 ლარია

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აუდიტის სამსახურის ინფორმაციის მოსახლეობისთვის განმარტება მოსთხოვა. სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

"მე მესმის ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ. კიდევ ერთხელ ავუხსნათ მოსახლეობას, რა პრემიებზე თუ დანამატებზეა საუბარი. არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მათი ხელფასი 5000 ლარია. დაფარული არაა ეს ინფორმაცია. რატომ არ ხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა. გთხოვთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გასცეთ", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ნოდარ ხადურმა პრემიერს უპასუხა - "სასჯელაღსრულების სამინისტრო - გაზრდილია ხელფასები, თუმცა, 2012 წლის სექტემბერში. შესაბამისად, თუ მაშინ ეს შეეხო 3-4 თვეს, წელს უკვე ეხება ყველა თვეს. ადგილობრივ თვითმმართველობებშია გაზრდილი შრომის ანაზღაურება დაახლოებით 50 მილიონი ლარით ჯამში, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის ნოემბრის განკარგულება, როდესაც მან მნიშვნელოვნად გაზარდა ჭერები, რომელიც იყო დაწესებული პრეზიდენტის ბრძანებულებით."

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელფასო სისტემა 2017 წლისთვის მოწესრიგებული იქნება. 

კომენტარები