ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ილიაუნი: დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან

მხატვარ ლია უკლებას ნახატთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გამოეხმაურა. ილიაუნი აღნიშნავს, რომ ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელის გამოფენით მათ არ ჰქონიათ ვინმეს შეურაცხყოფის განზრახვა. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ თავისი პროფესორების და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან. ილიაუნი იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევენ, რომ კონფერენციაზე გამოფენილი ნახატით მათი უფლებები დაირღვა, სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს. აკადემიური საბჭოს განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან.

ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს" - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

ე.წ. თვითმკვლელ ღვთისმშობლის ნახატს საპატრიარქო მკრეხელობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნახატი სუიციდის პროპაგანდაა. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. ის მიმართავს განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, დააფიქსირონ თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და მიიღონ ყველა ზომა საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

"როგორც ცნობილი გახდა, ამა წლის 24 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე სხვებთან ერთად გამოტანილი იყო ნახატი, რომელზეც გამოსახულია მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობელი საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. თუმცა, არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნეები ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით, გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ამაზე მიუთითებს ევროპული კონვენციის მეათე მუხლი და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილება.

არაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუ ღვთის გმობა, სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეში. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არა მარტო მორწმუნეთა შეურაცხოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე. წ. მეცნიერული დაკვირვებები მათზე. ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს. რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულებელყოფაზე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები